რეალ მადრიდის მიერ პსვ ეინდჰოვენის განადგურებაში (5:1) თავისი წვლილი შეიტანა ჯუდ ბელინგემმაც, ვინც მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა. ინგლისელი ფლეიმეიქერის შედევრი შეემატა "სამეფო კლუბის" სხვა ისეთ გამორჩეულ გოლებს, რომლებიც ბურთის მიწაზე დაშვების გარეშე აღმოჩნდნენ მოწინააღმდეგე გუნდის კარში.
მთავარი ასეთი გოლი კი ბერნაბეუს ბინადრების ისტორიაში ეკუთვნის ზინედინ ზიდანს, ვინც მსგავს სტილში გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ლევერკუზენის ბაიერთან. რეალის ამჟამინდელ მე-5 ნომერს ხშირად ადარებენ ფრანგ ფლეიმეიქერს და გუშინდელი შედევრი ფანებისთვის საამისოდ +1 მიზეზი გახდა.
ცხადია, მადრიდული გუნდის ლეგენდარული ნახევარმცველის გოლს აქვს უფრო მეტი წონა, იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარებაში გავიდა ის. საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილი მე-10 ნომრის დაჩრდილვის ამბიცია არც 23 წლის ფლეიმეიქერს აქვს, რომლის აზრითაც, ის გოლი შეუდარებელია.
"თავადაც ვერ ვხვდები, თუ როგორ გავიტანე. ალბათ, ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო გოლია. რაც შეეხება ზიდანს, ის ჩემზე ბევრად მაღალი დონის და გაცილებით ელეგანტური მოთამაშეა. ჩემი გოლი ზინედინის შედევრთან ახლოსაც ვერ მივა", - განაცხადა ბელინგემმა. და მაინც რომელია უფრო შთამბეჭდავი?
![[VIDEO] ორი ხუთიანი და ორი შედევრი - საფეხბურთო სამყარო ბელინგემს კვლავ ადარებს ზიდანს](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fq3xFiGcH24WuGq5ywyttLE1oSlTgZoyA.png&w=3840&q=75)









